საბერძნეთში ფერმერებს დემონსტრაციის ფარგლებში სალონიკის პორტი აქვთ ბლოკირებული - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ფერმერები სასოფლო-სამეურნეო დახმარების დაგვიანებას და სამეწარმეო ხარჯების ზრდას აპროტესტებენ.
სალონიკის პორტში ფერმერების დემონსტრაციაზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები. საპროტესტო აქციის მონაწილეები მომდევნო ნაბიჯებს ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე განსაზღვრავენ.
ფერმერების პროტესტი საბერძნეთის მასშტაბით, უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება, დემონსტრანტები იყენებენ ტრაქტორებსა და სატვირთო მანქანებს ავტომაგისტრალებისა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გადასაკეტად.
საბერძნეთში სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების გამოყოფა კორუფციული გამოძიების გამო შეფერხდა.
გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ზოგიერთი ფერმერი სახელმწიფო მოხელეების დახმარებით მიწის საკუთრების უფლებას აყალბებდა.
აუდიტის გამო შეყოვნდა შემდგომი დახმარების გამოყოფა.
