2025 წლის სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა და ისტორიული, 13 წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია.
გლობალური სოციალური პროგრესის საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ამერიკულმა ორგანიზაციამ Social Progress Imperative, 2025 წლის გლობალური სოციალური პროგრესის ანგარიში გამოაქვეყნა.
კვლევის ფარგლებში განხორციელდა მსოფლიოს 170 ქვეყნის სოციალური პროგრესის შეფასების ისტორიული ანალიზი ინდექსის დაარსებიდან დღემდე.
ისტორიული პროგრესის დასადგენად მკვლევრებმა საბაზისო 2011 წლის მსოფლიო გამოკვლევის შედეგები 2024 წლის ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და ისტორიული პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეული გამოავლინეს.
შედეგები საქართველოსთვის სასიკეთო აღმოჩნდა. 13 წლიანი, ისტორიული პროგრესის მიხედვით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია მეექვსე პოზიციაზე. (გვ. 54 ; 57 ; 67)
2025 წლის გლობალურ რეიტინგში საქართველო 51-ე ადგილზე დაწინაურდა და ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონში ლიდერობს. საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანასაც უსწრებს, შავიზღვისპირეთში მესამე ადგილზეა (რუმინეთისა და ბულგარეთის შემდეგ), პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება. საქართველო რეიტინგში უსწრებს ნატოს წევრ სამ სახელმწიფოს თურქეთს , ალბანეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას.
მთლიანობაში ინდექსი აერთიანებს 57 ინდიკატორს, რომელიც თავს იყრის სოციალური პროგრესის განმსაზღვრელ 12 ფაქტორში. ანალიზი ეყრდნობა გაეროს, მსოფლიოს ბანკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო შემფასებელი ანალიტიკური ცენტრების პროფილურ გამოკვლევებს.