ვენეცია ტურისტების რაოდენობის შეზღუდვას აპირებს. ადგილობრივი ხელისუფლება ყოველდღიურად ქალაქში ჩასული მრავალრიცხოვანი ტურისტის დასათვლელად სპეციალურ მრიცხველებს დაამონტაჟებს.
გადაწყვეტილება ვენეციის ადმინისტრაციულმა აღმასრულებელმა ორგანომ - ჯუნტამ მიიღო. თუ მას მხარს დაუჭერენ იტალიის მთავრობა და იუნესკო, მაშინ მალე ქალაქის იმ სტრატეგიულ პუნქტებზე, საიდანაც ტურისტების ძირითადი ნაკადი შედის, ავტომატური მრიცხველები დაიდგმება.
მიღებული მონაცემების საფუძველზე ქალაქში დამთვალიერებელთა რაოდენობა შეიზღუდება. ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, რომ ქალაქი ვერ უძლებს ტურისტების მოზღვავებას. გასული წლის მარტში სააღდგომოდ ვენეციაში ერთდროულად 300 ათასი ადამიანი ჩავიდა, რაც ქალაქის მოსახლეობის რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება.