დღეს, გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
მმართველ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს: „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და „მწვანეები“ (GRÜNE).
ბუნდესტაგმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას 16 დეკემბერს უნდობლობა გამოუცხადა, რის შემდეგაც გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პარლამენტი დაითხოვა.
გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ დაიშალა.