ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის ტერიტორიაზე განიხილება, აეროპორტის რესურსი წლის განმავლობაში 18 მილიონამდე გაიზრდება - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი 2025, 14:27 121 ნახვა

არის მასშტაბური პროექტი, რომელიც ემსახურება არა მარტო თბილისის განვითარებას, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას - განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გააკეთა. 

მისი თქმით, ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის ტერიტორიაზე განიხილება და პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2029 წლისთვის არის დაგეგმილი.

"აეროპორტის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თბილისის აეროპორტის რესურსი არის 4 მილიონი მგზავრი წელიწადში. ანუ, 4 მილიონ მგზავრზე მეტის მასპინძლობა არსებულ აეროპორტს არ შეუძლია.

მაშინ, როდესაც გვაქვს ჩვენ მზარდი დინამიკა ტურიზმის სფეროში, ვიზიტორების სფეროში, ამას უნდა უპასუხოს ახალმა ინფრასტრუქტურამ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი აეროპორტის მშენებლობა. სამუშაოები აქაც არის დაწყებული, რაც შეეხება ლოკაციას, ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის ტერიტორიაზე განიხილება, აქტიური სამუშაოები წარიმართება იმისათვის, რომ პარტნიორებთან დაიდოს ხელშეკრულება ახალი აეროპორტის გასავითარებლად.

ეს სამუშაოები ძალიან სწრაფ ტემპში წარიმართება. 2029 წლისთვის არის დაგეგმილი პროექტის პირველი ფაზის დასრულება, რის შემდეგაც უკვე განხორციელდება პროექტის მეორე ფაზა. საბოლოო ჯამში, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვებით იმ დინამიკას, რაც არის პროგნოზირებული ვიზიტორების გაზრდის თვალსაზრისით. ახალი აეროპორტის მშენებლობის შემდეგ, 18 მილიონამდე გაიზრდება აეროპორტის რესურსი, წლის განმავლობაში 18 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლებს. შესაბამისად, ესეც არის მასშტაბური პროექტი, რომელიც ემსახურება არა მარტო თბილისის განვითარებას, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი