ფრანგები პრეზიდენტს ირჩევენ. პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის, თუმცა მთავარი ფავორიტების სიაში მხოლოდ ოთხია - მაკრონი, ლე პენი, ფიიონი და მელანშონი. სოციოლოგები წინასწარ პროგნოზებს ვერ აკეთებენ, ვინაიდან კანდიდატებს შორის სხვაობა ერთ-ორი პროცენტია. ამასთან ფრანგების მესამედს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთებდნენ არჩევანს.
არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება ბოლო საარჩევნო უბნის დახურვამდე იკრძალება და კანონდარღვევისთვის ჯარიმის სახით 75 ათასი ევროა დაწესებული. ქვეყნის მასშტაბით 67 ათასი საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 47 მილიონ ამომრჩეველს ელოდებიან. კენჭისყრის მსვლელობისას წესრიგსა და უსაფრთხოებას 50 ათასზე მეტი პოლიციელი იცავს. თუ პრეზიდენტობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების 50-ზე მეტ პროცენტს, მაშინ ორ პრეტენდენტს შორის მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.