დისკუსია არის ერთადერთი გზა, რომ ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები, ჩვენი მხრიდან კვლავაც შემიძლია დავაფიქსირო ღიაობა ნებისმიერ ფორმატში დისკუსიისთვის - ირაკლი კობახიძე 

18 დეკემბერი 2024, 13:02 114 ნახვა

ორი კვირაა, ვადასტურებთ მზაობას დიალოგისთვის, ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს და გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიალოგზე შეთავაზებას გამოხმაურება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

„გუშინ გამოვეხმაურე მაგალითად შოთა არველაძის განცხადებას, მასაც შეუძლია, წამოიყვანოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ენდობა, მათ შორის კომპეტენციის კუთხით, გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა საკითხზე. დისკუსია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები. თუ ვინმეს კითხვები აქვს, ეს კითხვები ღიად უნდა გაირჩეს, ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ერთად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენი მხრიდან კვლავაც შემიძლია დავაფიქსირო ღიაობა ნებისმიერ ფორმატში ასეთი დისკუსიისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, საუბარია არა მოძალადეებთან, არამედ გულწრფელ ადამიანებთან დიალოგზე, მაგრამ იმდენად ძლიერია ბულინგი, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის გაცემას.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მოძალადეებთან დიალოგზე, ვსაუბრობთ გულწრფელ ადამიანებთან დიალოგზე, რომლებიც მათ შორის, გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას. არა მოძალადეებთან, არამედ გულწრფელ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ მძაფრი პროტესტის განცდა დღესაც. მათთან ვართ მზად დიალოგისთვის. მაგრამ ხედავთ, რომ იმდენად ძლიერია ბულინგი, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის გაცემას. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი გამოვლინება. ვინც არ ძალადობს, მათთან მზად ვართ დისკუსიისთვის. რა უდგას ამას წინ. თუ ჰგონიათ, რომ მართლები არიან, რატომ არ მოდიან? შოთა არველაძეს დიდ პატივს ვცემ, როგორც ფეხბურთელს, იყო გამორჩეული ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში. მან თქვა, რომ ხელისუფლებიდან არავინ ესაუბრება ხალხს. მოვიდეს თვითონ შოთა არველაძე, დიდი პატივისცემით ვიმეორებ ამას, წამოიყვანოს ის, ვის კომპეტენციაშიც არის დარწმუნებული, ათი კაცი წამოიყვანოს, რატომ არ მოდიან“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში