ტერორიზმის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დადებითად შეფასდა ქვეყნის ძალისხმევა საზღვრის, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად - საგარეო უწყება

17 დეკემბერი 2024, 11:00 144 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული ქვეყნის ძალისხმევა სახმელეთო საზღვრის, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, რომელიც მათ შორის გამოიხატა ახალი სისტემების დანერგვასა და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობაში.

„ანგარიშის თანახმად, ოქტომბერში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ აამოქმედა სახის ელექტრონული ამოცნობის სპეციალური პროგრამა. ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელოვანი სეგმენტები აღიჭურვა 24/7-ზე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით. ანგარიშში ასევე პოზიტიურადაა შეფასებული სასაზღვრო პოლიციის მიერ ახალი მობილური დაკვირვების სისტემის დანერგვა, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა და ხელი შეუწყო მწვანე საზღვარზე დაკვირვებისა და გამოვლენის შესაძლებლობების გაძლიერებას. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფმა, ოპერატიული პარტნიორის რანგში, კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა ნატო-ს ხელმძღვანელობით ჩატარებულ საზღვაო ანტიტერორისტულ ოპერაციაში – „ზღვის მცველი“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დასრულდა 2023-2027 წლების საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო შეუერთდა გაერო-ს ტერორისტთა გადაადგილების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამას, რომლის მიზანია ტერორისტული დანაშაულებისა და მათთან დაკავშირებული გადაადგილების თავიდან აცილება, გამოვლენა და გამოძიება მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის სისტემის მონაცემების გამოყენებით. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო რეგულარულად მონაწილეობს ინტერპოლის ფარგლებში დოკუმენტებისა და მგზავრთა შესახებ ინფორმაციის გაზიარებაში, რაც მოიცავს მოპარულ და დაკარგულ სამგზავრო დოკუმენტებს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე კონტრტერორისტულ საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში