საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს, მიმდინარეობს სანქციებზე მუშაობა, ჩვენ გვჭირდება 27 წევრის ერთსულოვნება - ჰერჩინსკი

09 დეკემბერი 2024, 17:33 258 ნახვა

საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს, მიმდინარეობს სამუშაო, რომ მომზადდეს სანქციები, თუ ჩვენ მივაღწევთ ერთსულოვნებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, სანქციები დამოკიდებულია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნებაზე.

„მე ყოველთვის ძალიან მკაფიო ვიყავი თქვენთან, მაშინ, როდესაც საქმე ეხება სანქციების პოლიტიკას. ეს ძალიან რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენ გვჭირდება 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვნება. თუმცა რაც ხდებოდა საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს და მე ვიცი, სამუშაო მიმდინარეობს, რომ სანქციები მომზადდეს, თუ ჩვენ მივაღწევთ ერთსულოვნებას. ეს დამოკიდებულია 27 წევრ სახელმწიფოზე. იმედი მაქვს, ევროკავშირის ნებისმიერი დედაქალაქისთვის ძალიან რთული იქნება, ამ ხარისხის ძალადობისა და სისასტიკის იგნორირება მოახდინოს. ვნახოთ, ორშაბათს თუ იქნება წარმოდგენილი სანქციები. სამუშაო ნამდვილად მიმდინარეობს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადთან დაკავშირებით.

"დაახლოებით ათასი დღის წინ, საქართველოს მთავრობამ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთებით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაიაროს ევროკომისიის შემოწმება. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პროცესი, როგორ უნდა გაწევრიანდე ევროკავშირში და არსებობს მკაფიო პირობები. თავდაპირველად, ამას ერქვა 12 ნაბიჯი, ახლა ეწოდება ცხრა ნაბიჯი. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა წარადგენს აუცილებელ რეფორმებს. ამ მოთხოვნებიდან ერთ-ერთი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სამწუხაროდ, იყო ბევრი დარღვევა, რაც შეუთავსებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. თქვენ ასევე ახსენეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია. ევროპარლამენტს აქვს უფლება, მიიღოს ნებისმიერი რეზოლუცია. ეს რეზოლუციები სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას წყვეტს 27 წევრი სახელმწიფო“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, ყველა ზომა მაგიდაზეა, რაც მათ შორის მოიცავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, არსებობს ვარიანტი, რომ მიღებულ იქნას კონკრეტული კატეგორიის ტიპის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა.

"ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. არსებობს ვარიანტი, რომ მიღებულ იქნას კონკრეტული კატეგორიის ტიპის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა. ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვსურს მოსახლეობის დაზიანება. ჩვენ არ გვსურს ხალხის დასჯა, რომლებიც ევროპული ღირებულებისადმი მათი ერთგულებისთვის მანიფესტირებენ, რომლებიც თბილისის და ბევრი სხვა ქალაქის ქუჩებში დგანან, აფრიალებენ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს, მაგრამ ხელისუფლებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, სისასტიკეზე, ჩვენ ვერ გავჩუმდებით, წევრი სახელმწიფოები ამას გადაწყევეტენ ორშაბათს“, - განაცხადა ელჩმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში