გვინახავს ბევრი დემონსტრაცია, მიტინგი და როდესაც შენიღბული იყვნენ დემონსტრანტები, ეს ყოველთვის აჩენდა კითხვის ნიშნებს, თუ რა მოტივაცია აქვთ ასეთ ადამიანებს. ასეთი რეგულაციები მოქმედებს როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში, ისე აშშ-ში, რომლის იდეაც მარტივია – შესაძლებელი იყოს ადამიანების იდენტიფიცირება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მმართველი გუნდი მიჰყვება ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ საუკეთესო პრაქტიკას და ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს, სადაც შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ შეკრებების დროს.
„ადამიანი როდესაც შენიღბულია და გრძნობს, რომ მისი იდენტიფიცირება გართულებულია, უფრო თამამი არის კანონდარღვევასა და აგრესიაში. ასე რომ, ჩვენ მივყვებით იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც არსებობს ევროპაში, ავიღებთ ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს. ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში ამ მხრივ არის რეგულაციები, როდესაც საჯარო სივრცეში აკრძალულია სახის დაფარვა, ჩვენ მივყვებით უფრო მსუბუქ რეგულაციებს იმ ქვეყნებისას, სადაც ასეთი შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ შეკრებების დროს. მთავარი იდეა სწორედ ამაში მდგომარეობს. ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ საუკეთესო პრაქტიკას და ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს მივყვებით.
ტექნიკურად ამის მოწესრიგების საკითხს რაც შეეხება, ჩვენ მიმდინარე კვირაში განვიხილავთ, მათ შორის პიროტექნიკის რეგულაციების საკითხებს, შემოტანა-რეალიზაციის საკითხებს, რაზეც დიდი ხანია, მიდიოდა საუბარი. მათ შორის წინა მოწვევის პარლამენტში და ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია, ეს სფერო იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, ევროინტეგრაციას ვაგრძელებთ თანმიმდევრულად, მეთოდურად, დროში გაწერილად და გეგმაზომიერად.
როგორც პაპუაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო 12 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ყველაზე შორს არის წასული, ვიდრე ამას რომელიმე პოლიტიკური ძალა შეძლებდა.
„რაც შეეხება ევროინტეგრაციას, გზას, რომელზეც 12 წლის განმავლობაში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ყველაზე შორს ვართ წასულები, ვიდრე ამას რომელიმე პოლიტიკური ძალა შეძლებდა. ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ თანმიმდევრულად, მეთოდურად, დროში გაწერილად და გეგმაზომიერად. თუ რამეს მივაღწიეთ ამ მიმართულებით, სწორედ იმიტომ მივაღწიეთ, რომ გონივრულად, დაფიქრებით და სიბრძნით წარვმართეთ პროცესი. ამიტომ ენდო ამომრჩეველი ევროკავშირში ინტეგრაციის ჩვენს მიერ შეთავაზებულ გზას და ამიტომ დაგვიტოვა ქვეყნის მართვის მანდატი. გამოცხადებულ ნდობას კი სამართლებრივ სახელმწიფოში ყველამ უნდა სცეს პატივი. დემოკრატიისა და ერთიან საზოგადოებაში თანაცხოვრების წესი ასეთია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.