ბათუმში აქცია წუხელ ევროპის მოედანზე დაიწყო და საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაგრძელდა. შეკრებილებმა გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი არჩევნების შედეგების ბათილობის შესახებ წარმოებაში არ მიიღო. მალევე აქციის მონაწილეებმა ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენასთან გადაინაცვლეს, სადაც მსახიობებმა პროტესტი გამოთქვეს და დაგეგმილი სპექტაკლი არ ჩატარდა.
აქციაზე შეკრებილებმა ბიძინა ივანიშვილის ფიტული დაწვეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ხმაური მოჰყვა. სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. აქცია ქალაქის ქუჩებში მსვლელობით გაგრძელდა, მათ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სახლთან შეძახილებით ჩაიარეს. შეკრებილები მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებას აპროტესტებდნენ.
ბათუმში დღეს მშობლების მარშია დაგეგმილი 14 საათზე,
მოგვიანებით კი საპროტესტო აქცია პოლიციის განყოფილებასთან, ისევე როგორც სხვა ქალაქებში. აქციის მონაწილეები უკანონო დაკავებებსა და მომიტინგეების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტებს გააპროტესტებენ.