ყველა სამართალდამცველის მიმართ ჩემი მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს - ირაკლი კობახიძე

29 ნოემბერი 2024, 15:00 101 ნახვა

ჩემი მოწოდებაა ზოგადად, ყველა სამართალდამცველის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ძალიან სამწუხაროა, რომ შეკრების დაშლისას დაზიანდნენ მშვიდობიანი მომიტინგეები და ჟურნალისტები, რაც ორგანიზებული ძალადობის შედეგი იყო.

"იყო სისტემური, წინასწარ ორგანიზებული, დაგეგმილი ძალადობა, იყო ძალადობრივი დაჯგუფებები და, რა თქმა უნდა, შეკრების დაშლის დროს სამწუხაროდ დაზიანდნენ მშვიდობიანი მომიტინგეები და მათ შორის კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დაზიანდნენ ჟურნალისტები. რა თქმა უნდა, ჩემი მოწოდებაა ზოგადად, ყველა სამართალდამცველის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს. გუშინ მაქსიმალურად პროპორციულობის დაცვის პრინციპით მოქმედებდა სამართალდამცავი უწყება, თუ სადმე იყო გადაცდომა, ამაზეც საჭირო იქნება რეაგირება, მაგრამ არსებითად გუშინდელი მიტინგის დაშლის პროცესი შეესაბამებოდა პროპორციულობის პრინციპს. ამ მასშტაბის ძალადობა როდესაც  არის, ბუნებრივია, იქ ძალიან მაღალია რისკი, რომ მშვიდობიანი ადამიანებიც დაზიანდნენ და მათ შორის დაზიანდნენ ჟურნალისტები, რაც ძალიან სამწუხაროა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი გამოირიცხოს, თუმცა სისტემური და მასშტაბური ძალადობის პირობებში რთულია ასეთი ფაქტების თავიდან სრულად არიდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში