მესმის, რომ გუშინდელმა განცხადებებმა ბევრი ადამიანი გააოცა, ეს იყო შოკისმომგვრელი, - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.
როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ესმის ხალხის ბრაზი და სასოწარკვეთა. მისივე თქმით, ევროკავშირი დგას ქართველ ხალხთან.
„პირველ რიგში, მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს – ევროკავშირი თქვენთან დგას. ჩვენ სრულად გვესმის თქვენი ბრაზი, სასოწარკვეთა. გვესმის, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის იყო ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილი. ეს ასევე იყო ყველა ქართული მთავრობის, მათ შორის, ბოლო ქართული მთავრობის გამოხატული სურვილი. მესმის, რომ გუშინდელმა განცხადებებმა ბევრი ადამიანი გააოცა, რომ ეს იყო შოკისმომგვრელი. მესმის, რომ დემონსტრაციები არ იყო ორგანიზებული. ისინი არ იყო დაგეგმილი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ. ეს იყო ქართველი ხალხის სპონტანური რეაქცია, არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის მრავალ ქალაქში.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები.
ჩვენ აქ ვართ, მზად ვართ. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირის წევრობისკენ სვლაში. ნება მომეცით, გავიმეორო ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვები, რომელიც მან ორი წლის წინ თქვა: „საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ევროპული ოჯახი არ იქნება სრული, საქართველოს გარეშე“. ჩვენი მხრიდან, მივიღეთ გადაწყვეტილება, წინ წავიდეთ და მივესალმოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრს, იმ პირობით, რომ საქართველოში საჭირო რეფორმები განხორციელდება. სამწუხაროდ, ბოლო წლის განმავლობაში ეს რეფორმები არ გაგრძელებულა. პირიქით, იყო ბევრი უარყოფითი მოვლენა, რამაც საქართველო უფრო დააშორა. ახლა, გუშინ ვნახეთ განცხადება, რომ საქართველო აღარ არის დაინტერესებული მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებით, რაც, ევროკავშირის თვალსაზრისით, უკიდურესად იმედგამაცრუებელი და ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.