ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში 22-23 ნოემბერს ჩატარდება

14 ნოემბერი 2024, 15:02 246 ნახვა

22-23 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს.  ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე გაიმართება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ორი დღის განმავლობაში ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები, გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას.

გასული წლის მსგავსად, წელსაც მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები.

"ულამაზესი დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცეც, რომელსაც წელსაც „გარდენია შევარდნაძე“ -ს დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე წარმოაჩენს. საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებული სივრცე მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს.

ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად მოწვეული ბენდები და მუსიკალური შემსრულებლები იზრუნებენ. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა"- განმარტავენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში