საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა. ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა მოლდოვა და საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას.
ევროპული მომავლის შესახებ ორივემ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - ასე ეხმაურება ბი-ბი-სი მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. მაშინ, როცა მოლდოვის პრო-დასავლელი პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც არჩევნების ფავორიტია და დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე, საქართველოს მთავრობას „დემოკრატიულ უკანდახევასა“ და ევროპული გზისგან ჩამოშორებაში ადანაშაულებენ - წერს ბი-ბი-სი.
„რადიო თავისუფლება„ თბილისის ქუჩებში გამოსულ ათობით ათას მოქალაქეს პროევროპელ ქართველს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ისინი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოვიდნენ საპარლამენტო არჩევნების წინ.
ევრონიუსი კი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, რომელზეც გადაწყდება საქართველო დაბრუნდება რუსეთის ორბიტაზე თუ გააგრძელებს პროევროპულ გზას, ათობით ათასი ქართველი თბილისის ქუჩებში გამოვიდა და თავისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.
ალ-ჯაზირა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიისთვის გადამწყვეტ გამოცდას უწოდებს, სალომე ზურაბიშვილს კი ხელისუფლებასთან კონფლიქტში მყოფ პროდასავლურ პრეზიდენტად მოიხსენიებს.