იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა. ორივე ქართველი ფეხბურთელი თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო.
მატჩის ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე გავიდა, როდესაც „ემპოლის“ კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ ზუსტად შეასრულა და „ნაპოლის“ სამი ქულა მოუტანა.
ხვიჩასთვის ეს გოლი სერია A-ს მიმდინარე სეზონში მეოთხე იყო, მის ანგარიშზე ასევე 2 საგოლე გადაცემაა.
8 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლის“ 19 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო „ემპოლი“ 10 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.