საქართველოს ეროვნულმა ბანკის ინფორმაციით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7338-დან 2.6995-მდე, ანუ 1.3%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ – 2.9647-დან 2.9677-მდე, ანუ 0.1%-ით გაუფასურდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6911 და 2.9809 შეადგინა.
მათივე ცნობით, აგვისტოში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7147 იყო, მინიმალური კი – 2.6891.
„აგვისტოში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმუმზე მეტად იყო გადახრილი. აგვისტოში საშუალოდ, დოლართან მიმართებით შესამჩნევია ევროსა და ლარის გამყარება; თურქული ლირა და რუსული რუბლი შესამჩნევად გაუფასურდა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი და სომხური დრამი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 9.3%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში გამყარებამ კი 0.8% შეადგინა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიური გამყარება 0.1%-ია, თვის ჭრილში კი 1.5%-ია. ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციაზე ზრდის წნეხს ქმნის. სავაჭრო პარტნიორებთან (თურქეთი, რუსეთი უკრაინა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, აშშ, ევროზონა და სომხეთი) შედარებით აგვისტოში წლიური ინფლაცია საქართველოში ყველაზე დაბალი იყო. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაცია მცირდება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.
ეროვნული ბანკის ცნობით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ, გასულ თვეებთან შედარებით, ისევ დაიკლო და 0.6% შეადგინა. მათივე ცნობით, აგვისტოსთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.3%-ით გაიზარდა.