ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) აშშ-ს მოუწოდა, სასწრაფოდ მოახდინოს ჯაშუშობის შესახებ 1917 წლის კანონის რეფორმირება, რათა გამოირიცხოს მისი გამოყენება გამომცემლების, ჟურნალისტებისა და მამხილებლების მიმართ, რომლებიც ავრცელებენ საიდუმლო ინფორმაციას სერიოზული დანაშაულების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ჯულიან ასანჟის მიმართ არაპროპორციულად მკაცრი მოპყრობის გამო და განაცხადა, რომ ამან სახიფათო ეფექტი გამოიწვია, რაც ძირს უთხრის ჟურნალისტებისა და მამხილებელთა დაცვას მთელ მსოფლიოში.
საპარლამენტო ასამბლეამ ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ასანჟის გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფლების უფლების ეფექტურად დაცვა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია შეშფოთებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) ფარულად უთვალთვალებდა ასანჟს ლონდონში ეკვადორის საელჩოში და სავარაუდოდ ავითარებდა გეგმებს მისი მოწამვლის ან თუნდაც გაერთიანებული სამეფოს მიწაზე მკვლელობის შესახებ.