„ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაციით, ისრაელმა „ანგარიში გაუსწორა მათ, ვინც პასუხისმგებელია ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების, მათ შორის, ასობით ამერიკელისა და ათობით ფრანგის მკვლელობაზე, - ეს, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ბეირუთში „ჰეზბოლას“ ლიდერ, ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს პირველი განცხადებაა.
ნეთანიაჰუს შეფასებით, ნასრალას მკვლელობა „დასახული მიზნების მიღწევის აუცილებელი პირობა“ იყო.
„ვიდრე ნასრალა ცოცხალი იქნებოდა, ის სწრაფად აღადგენდა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც „ჰეზბოლას“ წავართვით. ამიტომაც გავეცი დირექტივა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახლა ისტორიულად გარდამტეხი მომენტია, რომელმაც შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი შეცვალოს.
„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, განვაგრძოთ დარტყმები ჩვენი მტრის წინააღმდეგ, დავაბრუნოთ ჩვენი მოსახლეობა სახლებში და დავაბრუნოთ ყველა გატაცებული“, – ამბობს ნეთანიაჰუ.