კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

21 სექტემბერი 2024, 18:37 169 ნახვა

უკრაინის დაზვერვის ცნობით, კრემლი ზამთარში უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის კრიტიკულ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს. ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი თქმით, საუბარია ატომური სადგურების ღია გამანაწილებელ მოწყობილობებსა და გადამცემ ქვესადგურებზე, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბირთვული ენერგეტიკის უსაფრთხო მუშაობისთვის.

„ამ ობიექტებზე დარტყმა ქმნის ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს, რასაც გლობალური შედეგები ექნება. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებმა უკვე გადასცეს პარტნიორებს. ასევე ინფორმირებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც“, – აღნიშნავს სიბიგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც დაიკავა ატომური სადგური ევროპაში, რითაც მსოფლიოს აშანტაჟებს.

სიბიგა მადლობას უხდის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უკრაინის რიგ ენერგეტიკულ ობიექტებზე მისიების გაფართოების გადაწყვეტილებისთვის და ამ შეთანხმებების განხორციელების დაჩქარებას ითხოვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში