კვლავ ვხედავთ ბირთვული უსაფრთხოების ესკალაციას და საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ზაპოროჟიეს ელექტროსადგური დგას - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი

18 აგვისტო 2024, 14:02 387 ნახვა

უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების მდგომარეობა უარესდება, - ამის შესახებ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსმა განაცხადა.

ზაპოროჟიეს ელექტროსადგური, რომელსაც რუსეთის ძალები 2022 წლიდან აკონტროლებენ, ევროპის უმსხვილესი ბირთვული სადგურია.

„ჩვენ კვლავ ვხედავთ ბირთვული უსაფრთხოების ესკალაციას და საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ელექტროსადგური დგას. მე უკიდურესად შეშფოთებული ვრჩები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, მაქსიმალური თავშეკავებისკენ და სადგურის დასაცავად შედგენილი ხუთი კონკრეტული პრინციპის მკაცრი დაცვისკენ“, – განაცხადა გროსიმ.

ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის რუსულმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინამ დრონით იერიში განახორციელა გზაზე, რომელსაც ბირთვული ობიექტის პერსონალი იყენებს.

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს აღნიშნული ზონა და აღნიშნეს, რომ ზიანი, სავარაუდოდ, დრონითაა გამოწვეული. დარტყმის შედეგად დაზიანდა ობიექტის ორ ძირითად ჭიშკარს შორის მდებარე გზა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და თავად სადგურის აღჭურვილობა არ დაზიანებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი