ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ცრუ ბრალდებებს უყენებენ უწყებას და ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სანქცირებული საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოდის და შემდეგ გადის რუსეთის ფედერაციაში.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ონლაინ გამოცემა „აი, ფაქტის“ მიერ, მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს გამოქვეყნებულ ე.წ. „ჟურნალისტურ გამოძიებას“, რომელიც ეხება საქართველოს მიერ საერთაშორისო სანაქციების აღსრულების საკითხებს. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ცრუ ბრალდებებს უყენებს უწყებას და ამტკიცებს, თითქოს სანქცირებული საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოდის და შემდეგ გადის რუსეთის ფედერაციაში.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა, კომპეტენციის ფარგლებში, არაერთხელ გასცა წერილობითი პასუხი ონლაინ გამოცემის ჟურნალისტთა შეკითხვებს და საკმაოდ ვრცელი/დეტალური განმარტება მიაწოდა ორმაგი დანიშნულების ტვირთების კონტროლის მექანიზმებზე/პირობებზე. მიუხედავად აღნიშნულისა, ისინი კვლავ განაგრძობენ საკუთარი შეხედულებისა და სუბიექტური შეფასებების პროპაგანდას.
სწორედ ამიტომ, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია და ნათლად მივუთითოთ ამ ე.წ. „ჟურნალისტურ გამოძიებაში“ მოყვანილი „დამადასტურებელი ფაქტების“ სიყალბეზე.
თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ სტატიაში არასწორადაა ინტერპრეტირებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის განმარტება. ჟურნალისტი წერს, რომ ციტატა: „ორმაგი დანიშნულების ნივთი შეიძლება იყოს თქვენი სამზარეულოს ან აბაზანის ტექნიკაში და საბრძოლო იარაღშიც. მაგალითად, ასეთია სარეცხი მანქანის და მაცივრის “ტვინი“ - ციტატის დასასრული.
განვმარტავთ, რომ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხები, რომლითაც ხელმძღვანელობს მსოფლიოს ყველა ქვეყანა, განსაზღვრულია გაუვრცელებლობის ისეთი რეჟიმების მიერ როგორიცაა: ვასენაარის შეთანხმება, ბირთვულ მიმწოდებელთა ჯგუფი, სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის ჯგუფი და ავსტრალიის ჯგუფი.
სწორედ აღნიშნული რეჟიმების მიერ, შემუშავებული ნუსხებისგან შედგება მაგალითად; აშშ-ის ექსპორტის კონტროლის წესების საკონტროლო ნუსხა, ევროკავშირის საკონტროლო ნუსხა და საქართველოს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა, რომლებიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილებით.
არცერთ ზემოაღნიშნულ ნუსხაში არ არის შეტანილი სარეცხისა ან ჭურჭლის სარეცხი მანქანის ან მაცივრის ინტეგრალური სქემები, ვინაიდან ნუსხის შემდგენელი ექსპერტების მიერ (და არა საქართველოში მომუშავე ე.წ ექსპერტების) მიჩნეულია, რომ მსგავსი ტექნიკური პარამეტრების სქემების გამოყენება შეუძლებელია მასობრივი განადგურების იარაღის ან გადამტანი საშუალებების (საბრძოლო რაკეტების) დასამზადებლად.
ამასთან, დღეისათვის „ფუფუნების საგნების ნუსხით“ ევროპიდან სანქცირებულია იმ საყოფაცხოვრებო სარეცხისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანების რუსეთში ექსპორტი (სეს ესნ 8450, 8422), რომლის ღირებულება აღემატება 750 ევროს, ხოლო რუსეთიდან ევროკავშირში აკრძალულია 8450 და 8422 სეს ესნ სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ყველა ტიპის სარეცხისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანა.
ანალოგიურად, ორმაგი დანიშნულების პროდუქციას არ განეკუთვნება ჩვეულებრივი კომპიუტერების პროცესორები (მაგ. Intel core i3-intel core 7i), უთოს ინტეგრალური სქემები, ამერიკული კომპანია Garmin-ის პორტატული სამოგზაურო JPS მოწყობილობები, როგორც ეს სტატიაშია მითითებული.
რაც შეეხება ქსელურ მოწყობილობებს, ( 8517 62 სეს ესნ) - სტატიაში მითითებული ნებართვები გაცემულია ისეთ ქსელურ მოწყობილობებზე, როგორიცაა: კომპიუტერული ქსელის პროგრამული ელემენტები და კომუტატორები (მაგ. ASA5512-K8, ASR1000-ESP5=, CISCO1921/K9, WS-C3560X-48P-L, WS-C3750X-24T-E, WS-C3750X-24T-S, WS-C3850-12S-S).
ევროკავშირის მიერ 2023 წლის ივლისიდან 8517 62 სეს ესნ საქონლის კოდის სენსიტიური კოდების ჩამონათვალში შეტანის შემდგომ, იმ ქვეყნებში, რომლებიც მიჩნეულია რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდებაში/დახმარების გაწევაში, ექსპორტზე არ გაცემულა არცერთი ორმაგი დანიშნულების (მაღალპრიორიტეტულ/სენსიტიურ საქონელზე) ნებართვა.
„ჟურნალისტური გამოძიების“ ავტორი ერთმანეთთან აიგივებს მაღალპრიორიტეტულ და ორმაგი დანიშნულების საქონელს, რაც მისი მხრიდან არის მიზანმიმართული ქმედება და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
მაღალი პრიორიტეტული საქონლის გაძლიერებული კონტროლი შესაბამისი რეგულაციების მიღების შემდეგ, სანქციების დამწესებელმა ქვეყნებმა დაიწყეს 2023 წლის ივლისიდან. სწორედ აღნიშნული პერიოდიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, პარტნიორ ქვეყნებთან შეთახმებით, ხორციელდება 50 მაღალპრიორიტეტული სეს ესნ სასაქონლო კოდის გადაადგილების განსაკუთრებული კონტროლი და პერიოდული ანგარიშგება ევროკომისიის საგადასახადო და საბაჟო კავშირის გენერალურ დირექტორატთან (DG TAXUD), ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალურ დირექტორატთან (DG FISMA), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტთან, ასევე აშშ-ის ვაჭრობისა და ხაზინის დეპარტამენტებთან.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მაღალი პრიორიტეტული საქონელი უკრაინასთან ომის დაწყებიდან არ გაგზავნილა საქართველოდან რუსეთისა და ბელარუსის დანიშნულებით, როგორც ეს სტატიაშია აღწერილი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სანქციების დამწესებელი ქვეყნების მიერ, მესამე ქვეყნების დანიშნულებით მაღალ პრიორიტეტული საქონლის გადაადგილებაზე დამატებითი კონტროლის რეგულაციები შემოღებულია 2023 წლის ივლისიდან, ხოლო სტატიის ავტორს შედარებებისას მოყვანილი აქვს 2023 წლის სრული სტატისტიკა, რაც ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება ობიექტურ მონაცემად.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, კონტროლდებოდა 38 მაღალი პრიორიტეტული სეს ესნ სასაქონლო კოდი, რომელიც 2023 წლის სექტემბერში და შემდგომ, 2024 წლის თებერვალში გაიზარდა 50 სასაქონლო კოდამდე. სამწუხაროდ, ონლაინ გამოცემა „აი, ფაქტის“ ტენდენციურ ჟურნალისტურ გამოძიებაში წარმოდგენილ სტატისტიკაში არც ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა გათვალისწინებული.
რეალურად, 2023 წლის ივლისიდან დღემდე, სტატიაში მოცემული ქვეყნების დანიშნულებით, განხორციელდა არა 10 660 350 დოლარის მაღალ პრიორიტეტული სეს ესნ სასაქონლო კოდის საქონლის ექსპორტი/რეექსპორტი, არამედ მხოლოდ 1 248 290 დოლარის, რაც ქვეყნებს შორის საგარეო ვაჭრობის ჭრილში უმნიშვნელო მონაცემია.
ხაზგასმით განვმარტავთ, რომ სტატიაში მოყვანილი მონაცემებისგან განსხვავებით, ზემოაღნიშნულ თარიღში, ამ კოდის საქონელი საერთოდ არ გასულა უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, ხოლო სტატიაში დასახელებულ სხვა ქვეყნებში, საქონლის ექსპორტის/რეექსპორტის ოპერაციები განხორციელდა, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, შესაბამისი სავალდებულო გარანტიების წარმოდგენის საფუძველზე.
კერძოდ, კომპანიების მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი (იმის დასადასტურებლად, რომ დანიშნულების ქვეყნიდან საქონლის გადამისამართება არ მოხდებოდა სხვა ქვეყანაში) გამომგზავნი კომპანიის (მათ შორის ევროპული და აშშ-ის კომპანიების წერილობითი თანხმობა) ან/და შესაბამისი მიმღები სახელმწიფოს ოფიციალური ორგანოს წერილობითი თანხმობა. დასახელებული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია საბოლოოდ იგზავნებოდა და თანხმდებოდა სანქციების დამწესებელი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან და მხოლოდ ამის შემდეგ იყო შესაძლებელი საქონლის გაგზავნა.
შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზების მიხედვით, ინტერნეტ გამოცემა ,,აი ფაქტის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დასახელებულ არცერთ კომპანიას არ უფიქსირდება მაღალპრიორიტეტული სეს ესნ სასაქონლო კოდის საქონლის ექსპორტი/რეექსპორტი, მათ შორის, არცერთი საბაჟო პროცედურა არ აქვს განხორციელებული შპს “ასტერი გრუპს“ და შპს „ელექტრომექ-ბტს“. შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების მიერ, მომზადებულ ცალმხრივ/ტენდენციურ მასალაში დასახელებულ პირთაგან, არცერთს არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია საბაჟო კოდების/ფორმალობების ზუსტი განსაზღვრისთვის. შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებული შეფასებები არის ცრუ და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის, სერტიფიცირებული საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, შესაძლებლობა მიეცათ მიეღო საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე DOLFIN-ზე სრული დაშვება. ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელმა უკვე მოიპოვა ექსპერტის შესაბამისი სერტიფიკატი და აქტიურ რისკის პროფილებზე დაყრდნობით, მათ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ/დაადგინონ საქონელი ორმაგი დანიშნულებისაა თუ არა.
შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტს”, რომელსაც როგორც ჩანს, ,,ობიექტური“ ჟურნალისტური გამოძიების თავისი ე.წ. წესები გააჩნია, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და ქვეყნის იმიჯის დაზიანებისგან.
მორიგი თხოვნაა - სტატიის ავტორებმა გამოძიების დაწყებამდე, მოახდინონ ფაქტების და შეფასებების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ასევე მაღალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად, გაეცნონ შემოსავლების სამსახურის მიერ, მათთვის მიწოდებულ ღია წყაროებს (კონკრეტული ბმულების სახით მიწოდებულ მასალას), სადაც ასახულია საერთაშორისო სანქციების აღსრულების მექანიზმები/კრიტერიუმები. ამასთან, იმედს ვიტოვებთ, რომ ონლაინ გამოცემა „აი, ფაქტის“ მიერ, ჰიპოთეტური და არასრული/ცრუ ინფორმაციის, გამოქვეყნების შემდეგ, მათი მხრიდან ამჯერად მაინც, მოხდება სამართლიანად და გარემოებების დაუმახინჯებლად, საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სრული განცხადების გამოქვეყნება"- აღნიშნულია განცხადებაში.