ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

27 ივლისი 2024, 12:48 133 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ძმას - 1988 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ბ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში