სასამართლომ მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

14 იანვარი 2025, 12:57 361 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. 

სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.

პროკურორ, ვლადიმერ თურმანიძის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობდა, რაც სასამართლომაც გაიზიარა.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა. ადვოკატების განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა. 

პარალელურად, სასამართლოს გარეთ მზია ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისინი ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. პროტესტს მედიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ.

პროკურატურამ მზია ამაღლობელს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

 
 
 
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში