აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ოფიციალურად დაასტურა, რომ 13 ივლისს, პენსილვანიაში, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ყურში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ დაჭრა.
„ის, რაც ტრამპს ყურში მოხვდა, იყო მთლიანი ან დანაწევრებული ტყვია, რომელიც გარდაცვლილმა [თომას მეთიუ კრუკსმა] თავისი შაშხანიდან გაისროლა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღემდე, გამოძიების ფედერალურ ბიუროს და საიდუმლო სამსახურს, რომლებიც ტრამპზე თავდასხმის ფაქტს იძიებენ, ოფიციალურად არ უთქვამთ, თუ რამ მიაყენა ზიანი პოლიტიკოსს. თავად ტრამპი და მისი გუნდიც საზოგადოებას არ აწვდიდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა წერია საავადმყოფოს სამედიცინო დასკვნაში, სადაც ის თავდასხმის შემდეგ გადაიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.