„ჰამასის“ ლიკვიდაცია ისრაელის ომის ერთ-ერთი მიზანია, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ „ჰამასის“ მეთაური მუჰამედ დეიფი და მისი მოადგილე რაფა სალამე ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ, თუმცა, პირობა დადო, რომ ისრაელი „ჰამასის“ ყველა ხელმძღვანელს გაანადგურებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდასხმა მას შემდეგ დაამტკიცა, რაც დარწმუნდა, რომ იმ ტერიტორიაზე ისრაელელი მძევლები არ იმყოფებოდნენ.
„ომი, მხოლოდ, მაშინ დასრულდება, როცა ისრაელის ყველა მიზანი მიღწეული იქნება. ყველა მიზნის მიღწევა მოიტანს სრულ გამარჯვებას და აღადგენს ისრაელის შეკავების შესაძლებლობებს. ბოლო კვირებში ისრაელის სამხედრო ზეწოლის შედეგად ჩვენ ვხედავთ სისუსტეს „ჰამასში“. ისრაელის ძალები ღაზაში წინ მიიწევენ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.