აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ნატო უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთ სისტემას და ტაქტიკური თავდაცვის ათობით სისტემას გადასცემს.
„შეერთებული შტატები, გერმანიასთან, ნიდერლანდებთან, რუმინეთთან და იტალიასთან ერთად, უკრაინას გადასცემს აღჭურვილობას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის 5 სისტემისთვის და უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები აპირებენ უკრაინას ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის ათობით დამატებითი სისტემა მიაწოდონ“, - განაცხადა ბაიდენმა ნატო-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს.
ერთობლივ განცხადებაში მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინა მიიღებს დამატებით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს. კერძოდ, აშშ, გერმანია და რუმინეთი უკრაინას Patriot-ის დამატებით ბატარეებს მიაწვდიან, ხოლო ნიდერლანდები და სხვები Patriot-ის კომპონენტებს კიდევ ერთი ბატარეის შესაქმნელად.
იტალია კი უკრაინას SAMP-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემით უზრუნველყოფს.