პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

21 ივნისი 2024, 11:45 354 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე სამ პირს, ხოლო აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული სარგებლის მიღების მიზნით გადმოიბირეს და მას სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ, სანაცვლოდ მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდნენ და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდნენ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე ცნობილი იყო კიდევ ერთი პირისთვის, რომელმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

მათივე განმარტებით, 3 დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარედგინა (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ), რაც სასჯელის სახით 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ერთ პირს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი