მზია ამაღლობელის ადვოკატების ბრიფინგი

12 თებერვალი 2025, 15:00 97 ნახვა

მზია ამაღლობელის ადვოკატები მისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასა და ზოგადად, მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი საქმის შეწყვეტას ითხოვენ. ამის შესახებ ადვოკატებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათივე თქმით, პროკურატურამ მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფუძვლოდ დაიწყო.

"მოვითხოვთ: 1. სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან; 2. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე; 3. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი; 4. პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი; 5. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო. 6. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი დგებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვრის ბათუმის აქციაზე ციალა ქათამაძის უკანონო დაკავების გამო; 7. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11-12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში