ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ ევროკავშირი-საქართველოს  ურთიერთობაში ურთულეს პერიოდს გავდივართ - პაველ ჰერჩინსკი

19 ივნისი 2024, 13:58 437 ნახვა

ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება ერთსულოვნება, უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის საჯარო განცხადება, რომ საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგი იქნებიან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპასუხოდ რა ზომები იქნება მიღებული მოლაპარაკებების გახსნის ჭრილში, მომდევნო კვირაში გამოჩნდება.

„ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობაში, ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ ურთულეს პერიოდს გავდივართ. არაერთხელ ვთქვით, რომ უცხოური გავლენის შესახებ მოქმედი კანონი არახელსაყრელ ეფექტს მოახდენს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. სამწუხაროდ, ეს მოხდა. მომდევნო კვირაში ევროკავშირი განიხილავს შედეგებს, დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, რამდენიმე დღის შემდეგ კი, ლიდერების დონეზე. პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და გადაწყვეტენ, რა ზომებს მივიღებთ საქართველოში ამ მოვლენებზე საპასუხოდ.

 

ამ კანონმა საქართველოს წინსვლის პერსპექტივაზე უდავოდ უარყოფითად იმოქმედა. ამ კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია. როგორც იცით, ევროკავშირში ინტეგრაცია საჭიროებს ერთსულოვნებას. ჩვენ უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის საჯარო განცხადებები, რომ ისინი წინააღმდეგი იქნებიან საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, თუკი ეს კანონი ამოქმედდება, ის უკვე ამოქმედდა და შედეგები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კითხვაზე, აშშ-ის შემდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე ევროკავშირიც ხომ არ ფიქრობს, პაველ ჰერჩინსკი პასუხობს, რომ ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ევროკავშირს შეუძლია, განსხვავებულია აშშ-სგან.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ქართველების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა, ჩვენი მხრიდან კი საკითხი ნათელია, საქართველო წევრობის კანდიდატია და გელით.

ჰერჩინსკის შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა რთულ პერიოდს გადის, თუმცა იმედოვნებს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და სირთულის ეტაპი დასრულდება.

„ჩვენ ჩვენს ინსტრუმენტებსა და ექსპერტულ ცოდნას, სწავლებებს ყოველთვის ვიყენებდით, რათა გაგვეძლიერებინა ქართული ინსტიტუციები და დემოკრატია. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, ვინაა მისი მეგობარი და ვინ – მტერი. ჩვენ საქართველოს, ქართველი ხალხისა და მთავრობის სრულ განკარგულებაში ვართ. გვსურს, საქართველო იყოს ძალიან წარმატებული ქვეყანა, მოთმინებით ველით. ამჟამად ჩვენი ურთიერთობები რთულ პერიოდს გადის. იქნება არჩევნები ოქტომბერში, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს რთული პერიოდი დასრულდება, საღი აზრი გაიმარჯვებს. ქართველების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა. ჩვენი მხრიდან საკითხი ნათელია, საქართველო წევრობის კანდიდატია და გელით“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას.

„ახლახან გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, მნიშვნელოვანი დიალოგი საია-სთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს. საია ეხმარება ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც იურიდიული დახმარება სჭირდებათ. საია ასევე აქტიურია ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო პროცესში. ევროკავშირი მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ საია-ს და საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხემალია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი