37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტიგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება, სულ მცირე, 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. ჩვენს საჯარო სკოლებში სულ არის 52 000 მასწავლებელი, აქედან 37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტიგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით და მეტით, დაახლოებით 25%-ს გაეზრდება ანაზღაურება სულ მცირე 300 ლარით. ყველა პედაგოგს სულ მცირე 200 ლარით გაეზრდება შრომის ანაზღაურება. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში.
რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პირველი ივლისიდან საჯარო სკოლებში ხელფასების მატებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომელი კატეგორიის მასწავლებელს რა სახის მატება შეეხება.
"ზრდა შეეხებათ შემდეგი პროპორციებით:
37 000-ს მასწავლებელს ხელფასის ზრდა ექნება, სულ მცირე, 500 ლარით და მეტით. ეს ეხება საჯარო სკოლების სტატუსიან მასწავლებლებს და სპეცმასწავლებლებს. ამ 37 000-ში ხელფასების ზრდა ასევე იქნება 600, 700 და 800 ლარით. ჯამში, ასეთი კატეგორიის მასწავლებლები, რომლებსაც, სულ მცირე, 500 ლარით და მეტით მოემატებათ ხელფასი, არის 37 000, რომელიც მასწავლებელთა კორპუსის 70 პროცენტია; 25 პროცენტამდე მასწავლებლებს ხელფასების ზრდა ექნებათ 300-დან 400 ლარამდე, ხოლო აბსოლუტურად ყველა პედაგოგს, ყველას, არცერთის გამოკლებით, ხელფასი მოემატება და ზრდა იქნება, სულ მცირე, 200 ლარით. ასეთი კატეგორიის მასწავლებლები დაახლოებით ხუთ პროცენტს შეადგენს.
ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. მსგავსი აღიარება, ნდობის გამოცხადება ღირსეული პედაგოგებისთვის ბოლო წლების განმავლობაში არ გვახსენდება. ამიტომ, ვულოცავ მთლიანად სასკოლო საზოგადოებას და თითოეულ მასწავლებელს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც მათ ნამდვილად დაიმსახურეს “, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.