ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადი პროექტია სახელწოდებით – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
„ქართული ოცნების“ განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. კანონი ერთნაირსქესიანთა ქორწინებას გამორიცხავს და კრძალავს ყველა ტიპის შეკრებასა თუ ღონისძიებას, რომლებიც მიმართული იქნება განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვისკენ. იკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ოპერაცია და პროპაგანდა.
აკრძალვები შეეხება მედიასაც, რადგან დაუშვებელი იქნება ისეთი სცენების ჩვენება, სადაც ერთსქესიანთა კავშირია წარმოჩენილი, მათ შორის ფილმებში. აღნიშნული კანონპროექტის შესახებ საჯარო განხილვები რეგიონებში გაიმართა.