საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება დაიწყო.
2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის 4 ვაკანტური საგზურიდან ერთი გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას: ლატვია, საქართველო, ფილიპინები A ჯგუფში, ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი B ჯგუფში.
ლატვიის გარდა ანალოგიური, ექვსგუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ასევე ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.
გათამაშების ფორმატის თანახმად, ნახევარფინალში თითო ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა. ნახევარფინალში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.
საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში რომ გავიდეს, ჯგუფში ორი მატჩიდან მინიმუმ ერთი უნდა მოიგოს.
ნაკრები 2 ივლისს მასპინძელ ლატვიას შეხვდება, ხოლო 4-ში – ფილიპინებს.