გაერო-ში უკრაინის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები დააყენა. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ინფორმაციით, საკითხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამშვები პუნქტების ჩაკეტვას, ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო დაჯგუფებების გაერთიანებას რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს შეეხებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ პრესასთან განცხადება გააკეთა ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა. მეთიუ რაიკროფტის თქმით, ბრიტანეთი და უშიშროების საბჭოს წევრების უმრავლესობა შეშფოთებულია ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებებით. გამომსვლელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს პოზიციას და ისინი, არ აღიარებენ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მოსკოვმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებითი სამხედრო ტექნიკა განათავსა და ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ მარიონეტული სამხედრო დაჯგუფებები რუსეთის სამხედრო სისტემას მიუერთა. ამასთანავე, ადგილი ჰქონდა ოკუპაციის ხაზის გასწვრივ სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვას.