საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.
კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.