თურქეთმა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო ხელშეკრულების საკუთარი პროექტი გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ახალი ევროპა“ წყაროზე მითითებით აქვეყნებს.
პროექტი სტამბოლში გამართული პირველი მოლაპარაკებების საფუძველზე შეიქმნა.
თურქეთის სამშვიდობო ხელშეკრულება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია იღებენ ვალდებულებას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ბირთვული იარაღი. ისინი ასევე განაახლებენ „სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების“ მოქმედებას (START-3) მომავალში მისგან ცალმხრივი გასვლის შესაძლებლობის გარეშე; სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ნებისმიერი გზით ჩარევის აკრძალვა, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს მისი ხელისუფლების დესტაბილიზაცია; ომის გაყინვა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ; 2040 წელს რეფერენდუმების ჩატარების ვალდებულებები: ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ეროვნული რეფერენდუმი, ასევე რეფერენდუმი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე; უკრაინის უბლოკო სტატუსის გარანტიები 2040 წლამდე; პატიმრების გაცვლა „ყველა ყველაზე“ ფორმულით; რუსეთი არ აპროტესტებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
როგორც „ახალი ევროპა“ წერს, ამ ხელშეკრულების პროექტის მიღების ალბათობა დაბალი რჩება. ეს, სულ მცირე, მეცხრე ასეთი პროექტია.