საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების აწ უკვე ყოფილი კაპიტანი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი აქტიური სპორტიდან გააცილეს. 35 წლის ლიპარტელიანის გაცილების ცერემონიალი "თბილისი არენაზე" მიმდინარე გრანდ სლემზე გაიმართა.
ლიპარტელიანმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და მათ დაემშვიდობა. ვარლამს სპეციალური პრიზები გადასცეს, მათ შორის, სამეფო საჭადრაკო დაფა და დიდების მედალი. ვარლამი ტატამზე შვილებთან ერთად გავიდა და მათთან სიმბოლური ბრძოლებიც გამართა.
ვარლამ ლიპარტელიანი წლების განმავლობაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი იყო.
მას 2016 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული, მსოფლიოს ჩემპიონატებზე 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაო, ევროპის ჩემპიონატებზე – 3 ოქრო, 6 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, მასტერსებზე – 3 ოქრო და 2 ბრინჯაო, ხოლო გრანდ სლემებზე – 6 ოქრო, 4 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.