საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, არასრულწლოვნების დანაშაულებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა ნამდვილად არსებობს. როგორც გომელაურმა აღნიშნა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს იუსტიციის სამინისტროსთან გერმანული მოდელის დასანერგად.
გომელაურის განმარტებით, ეს მოდელი გულისხმობს დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების სპეციალურ საცხოვრებელში გადაყვანას, საიდანაც გამოსვლა პირს მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეეძლება.
„არასრულწლოვნებთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვილად არსებობს. არასწორია, რომ ეს ბავშვები დავაკავოთ და ციხეში ჩავსვათ, რა თქმა უნდა, ამას არ ვემხრობი, მით უმეტეს, 14 წლამდე ბავშვებთან დაკავშირებით. თუმცა იყო შემთხვევები, მაგალითად, გლდანის რაიონში, როდესაც სრულწლოვანი ხელმძღვანელობდა ბავშვებს, აორგანიზებდა მაღაზიების გატეხას, ტელეფონების მოპარვას და ასე შემდეგ. ორი შემთხვევა იყო ასეთი და დავაკავეთ. 14 წლამდე ბავშვების პრობლემა მართლაც ძალიან დიდია. მაგალითად, ერთ ბავშვს, რომელიც 14 წლისაც არ არის, არის 13 წლის, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი. ასეთი რაღაც ისტორიაში არ არსებობს, ასეთი რაღაც არც საქართველოში და არც უცხოეთში არ იქნება, არც რუსეთში. უკვე ყველა იცნობს, მთელი პოლიცია, მათ შორის, მეც ვიცნობ ამ ბავშვს. მოვიყვანთ, მოვა დედა, დაწერს განცხადებას – ბოდიში, ტირილი და ვუშვებთ ამ ბავშვს, ვერაფერს ვუზამთ.
მეორე საკითხია, რომ ვმუშაობთ იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებთან ერთად გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. ბავშვთა სახლში გადაყვანის შემთხვევაში როგორც ხდება, რომ მიიყვან და მეორე დღეს გამორბის, ისევ ქუჩაში დგას, ისევ რაღაცას აფუჭებს, ასე არ იქნება. იქიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება გამოსული. იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები. სკოლა იქნება, ბავშვები, მასწავლებლები, აღმზრდელები იქნებიან, იქნება განათლება, სპორტი. ვთქვათ, სამთვიანია, ექვსთვიანი, წლიანიც არის, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ამ მოდელზე ვმუშაობთ აქტიურად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ. ძალიან რთული საკითხია. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრმა კომენტარი გააკეთა საქართველოში მიგრაციის კუთხით არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებითაც.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არასწორია მონაცემი, თითქოს 2012 წლის შემდეგ საქართველოდან 800 ათასი მოქალაქე წავიდა. გომელაურის თქმით, ესაა ქვეყნიდან გამსვლელთა საერთო რაოდენობა, რომელთაგან დიდი ნაწილი უკან შემოვიდა.
"2012 წლამდე 247 585 ადამიანია გასული, რა მონაცემიც საქსტატმა მოგვაწოდა, ეს ჩვენი დათვლილი არაა. პირიქით, გვაქვს მატება – 2013 წლიდან 2022 წლის ჩათვლით 2 420 ადამიანის შემოსვლა სააქართველოში. ხალხი მიდის, იქიდან გამომდინარე, რომ ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან. მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ეს. მაგალითად, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან მიდიან გერმანიაში, სხვა ქვეყნებიდან მიდიან იქ, სადაც მიაჩნიათ, რომ უფრო მეტი სამუშაო ანაზღაურება ექნებათ. გამიხარდება, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე დაბრუნდეს და საუკეთესო პირობები გვქონდეს ჩვენთანაც, თუმცა ეს არის პასუხი.
800 ათასი არასწორი ციფრია, ესაა, მთლიანად ვინ გავიდა, მათ შორის მეც, თქვენც. რაც მოვიკითხე, იქიდან იგივე რაოდენობა შემოვიდა, შეიძლება, 2 000-ით ნაკლები. მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შემოვიდა ბევრი ადამიანი, რომლებსაც დაკარგული ჰქონდათ მოქალაქეობა, ბევრი ადამიანი შემოვიდა, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და აღარ ჰქონდათ მოქალაქეობა, იყვნენ რუსეთის მოქალაქეები. ომის შემდეგ ბევრი ჩამოვიდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში კითხვებზე პასუხისას.