საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, შეფასების უმაღლეს საფეხურზეა - გომელაური

20 მარტი 2024, 13:49 402 ნახვა

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ქართველი სამართალდამცავების წარმატებით მუშაობას ასახავს, არის ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიში.

მინისტრის განმარტებით, ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც საქართველო მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საფეხურზე – პირველ კალათაში იკავებს ადგილს.

„მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 15 პირს; პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 71 პირის მიმართ; ოთხ სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხისგებაში მიცემულია სამი „კანონიერი ქურდი“; ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია 284 პირი; კიბერდანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 200 პირზე დაიწყო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, მნიშვნელოვანია, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც გამკაცრდა სანქციები სიჩქარის გადაჭარბებაზე, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე და ზამთრის საბურავების გარეშე მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილებაზე.

„გამკაცრებული კანონის, გაზრდილი ჯარიმების და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად განხორციელებული არაერთი აქტივობის შედეგად, გასულ წელს სამი კვარტლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ იკლო. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეოთხე კვარტალში ამ მიმართულებით არსებული სტატისტიკა  გაუარესდა.  2023 წელს წინა წელთან შედარებით 2%-ზე მეტით გაიზარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა, (2022 წ. – 5469, ხოლო 2023 წ.- 5594). 3%-მდეა  შემცირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო, ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი. საგზაო უსაფრთხოების დაცვაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ფართოვდება საპატრულო პოლიციის არეალი და 2024 წელს, აღნიშნული პროცესის გაგრძელება იგეგმება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე განმარტებით, 2023 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და სავალდებულო გახდა რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყველა ტიპის იარაღის ბალისტიკური შემოწმება.

ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი სამართალდამცველებისთვის პირველად, იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტი გაიზრდება 1000 ლარამდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი