პირველი ვერდიქტი რეზონანსულ საქმეზე. თავდაცვის სამინისტროს სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. ალი ბალაძეს და მამუკა ბერიძეს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ვერდიქტის გამოცხადებას სასამართლოს შენობაში ბრალდებულების ახლობლების მხრიდან ხმაური და პროტესტი მოჰყვა.
აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს ალი ბალაძეს შავაძის უკანონო დაკავება და მკვლელობის ორგანიზება, ხოლო ყოფილ სპეცრაზმელს მამუკა ბერიძეს, შავაძის უკანონო დაკავება და ჯგუფურად მკვლელობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.
განაჩენის გამოტანამდე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვებით, მხარეებმა კი დასკვნითი სიტყვებით ისარგებლეს. შავაძის საქმეზე დაკავებულების მიმართ ეს პირველი განაჩენია. 12 ბრალდებულიდან ნაფიცი მსაჯულები ორმა აირჩია. დანარჩენების საქმეს მოსამართლე არსებითად იხილავს, ნაწილის საქმე კი, სასამართლოს არ გადასცემია და წინასწარ გამოძიებაშია.
12 ბრალდებულიდან ორი – აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე და ყოფილი სპეცრაზმელი გიორგი არაბული ამ დრომდე ძებნილია.