წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭომ შესაძლოა, გადაწყვიტოს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, ამისთვის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით რეალური პროგრესი უნდა იყოს - ფიშერი

23 თებერვალი 2024, 17:05 403 ნახვა

მნიშვნელოვანია, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა სწრაფად იმოძრაონ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით რეალური პროგრესი უნდა იყოს.

„ცხრა ნაბიჯი ჯერ კიდევ მომავლის საკითხია, მაგრამ მომავალი წელი ხანმოკლეა. ამ წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭოს შეხვედრა გაიმართება და ევროკავშირის საბჭომ, შესაძლოა, გადაწყვიტოს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ამისთვის რეალური პროგრესი უნდა იყოს ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით.

 

მიმდინარე წელს განრიგი მოკლეა, რადგან ზაფხულში იქნება ევროპარლამენტის არჩევნები, ევროკომისიაში არჩევნები, იქნება არჩევნები საქართველოშიც. ასე რომ, მნიშვნელოვანია, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა სწრაფად იმოძრაონ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფიშერმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ  საქართველო ჩაატარებს თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ არჩევნებს. ფიშერის თქმით, ევროკავშირისთვის ეს ფუნდამენტური საკითხია.

„ევროკავშირი არის დემოკრატიების კავშირი, რომელსაც აქვს საპარლამენტო დემოკრატიები, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ინსტიტუტები და მოქალაქეებისთვის თავისუფლების უფლებები. ჩვენ ვერ მივიღებთ ქვეყანას, სადაც არჩევნები ყოველგვარი ეჭვის მიღმა არ არის. ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ საქართველო ჩაატარებს თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ არჩევნებს. ეს არის ფუნდამენტური საკითხი ევროკავშირისთვის“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი