2024 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აზარაშვილის ცნობით, პროგრამის ამოქმედება მიმდინარე წლიდან იგეგმება.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი რეფორმების მთავარი მიზანი თითოეული ბენეფიციარისთვის მაღალი ხარისხის მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ამ უკანასკნელისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰყავდეს მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. სწორედ ამიტომ 2024 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის საუნივერსიტეტო კლინიკებთან. პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 12 მილიონი ლარი იქნება და, დაახლოებით, 150 მსურველი დაფინანსდება“, – განაცხადა აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პროგრამა გათვლილია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირებისა და სარეზიდენტო პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის, გადამზადების ხანგრძლივობა კი დამოკიდებული იქნება შერჩეული მიმართულების ხანგრძლივობაზე.