ფერმერების პროტესტი ევროპარლამენტის წინ

01 თებერვალი 2024, 14:01 337 ნახვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეხვდა ფერმერებს, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის წინ საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. სამიტის დღის წესრიგის მთავარი საკითხი 2024-2027 წლების ბიუჯეტის შევსებაა, რომელიც  უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარებასაც ითვალისწინებს, რომელიც ორბანმა  დეკემბერში ევროკავშირის ბოლო სამიტზე დაბლოკა. 

„ივნისში ევროპული არჩევნებია. ჩვენ ახალი ევროპული პარლამენტი გვჭირდება. ჩვენ უნდა  ვიპოვოთ ახალი ლიდერები, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ ხალხს. ეს ერთადერთი გამოსავალია“ - განუცხადა ორბანმა ფერმერებს. 

ევროპარლამენტის წინ მოედანი დღეს ტრაქტორებით გაივსო, ფერმერებმა საბურავებს, მუყაოს ყუთებსა და თივას ცეცხლი წაუკიდეს. რამდენიმემ შენობას კვერცხები  და პეტარდები ესროლა, პოლიციას კი ქვები. ბრიუსელში ათასამდე  ტრაქტორმა  ძირითადი გზები გადაკეტა.

ბელგიელ ფერმერებს კოლეგები შეუერთდნენ იტალიიდან და საფრანგეთიდან.

აქციის მონაწილეები ითხოვენ გარემოსდაცვითი რეგულაციების გაუქმებას და  ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის უკონტროლო იმპორტის შეჩერებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში