ალილო გაიმართა ბათუმში. შობის მახარობლებმა ქუჩები ლოცვითა და გალობით შემოიარეს და დღესასწაული თანაქალაქელებს მიულოცეს. ისმოდა შობის საგალობლები.
საზეიმო მსვლელობა სხვადასხვა ეკლესიიდან დაიწყო, რომელშიც მრევლი და სასულიერო პირები ჩაერთვნენ. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან “ალილოს“ მონაწილეები ქუჩებში სადღესასწაულო მსვლელობას შეუერთდნენ. ტრადიციულად შეაგროვეს ნობათი. ალილოს მონაწილეებს შემოწირულობებით შეხვდნენ ქუჩებში მოქალაქეები და სხვადასხვა დაწესებულებასთან, მერიისა და მთავრობის წარმომადგენლები.
შეგროვებული ნივთები მოხუცთა თავშესაფარსა და ბავშვთა სახლს გადაეცემა.
ალილოს მსვლელობა თითქმის 2 საათს გაგრძელდა, დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადეს.