სარეაბილიტაციო ცენტრ ,,თანას“ აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და მთავრობის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა. მათ დღის ცენტრს მიკრო-ავტობუსი გადასცეს. ,,თანაში“ ფუნქციონირებს დღის ცენტრი 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომელშიც ჩართულია 18-25 წლამდე ასაკის 25 ბენეფიციარი. ისინი უზრუნველყოფილი არიან ტრანსპორტირებით, ორჯერადი კვებით, ფსიქოლოგის, სპეც. პედაგოგების, ოკუპაციური თერაპევტის, მუსთერაპევტის, ერგოთერაპევტის მომსახურებით. ასევე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთათვის ნევროპათოლოგების, თერაპეტების, მასაჟისტების, ლოგოპედის დახმარებით ხდება მათი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. დღის ცენტრის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.