პირველად ბათუმი საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო-ბათუმს“ მასპინძლობს. მისი მიზანი რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.
სწორედ ამ მიზნით ბათუმში მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების, ბელგიელი, ფრანგი, თურქი და სხვა ქვეყნების შეფ-მზარეულები, რესტორატორები და გასტორ-ექსპერტები ჩამოიყვანეს. ისინი ქართველ მზარეულებს კერძების მომზადების თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობენ, ასევე ჩაუტარებენ მასტერ-კლასებს თევზის, ხორცისა და სოუსების მომზადებაში.
ფორუმის ორგანიზატორი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, მათი ერთ-ერთი მიზანი აჭარაში, სხვადასხვა სოფელში მოძიებული ქართული კერძების პოპულარიზაციაა, საამისოდ კი საჭიროა მათ სარესტორნო სახე მიეცეს და მომზადების ტექნოლოგიებიც დაიხვეწოს.
სამდღიანი საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი დღეს კონფერენციით გაიხსნა, რომელსაც გასტრონომიული ტურიზმის სფეროში ჩართული პირები, მათ შორის რესტორნების მფლობელები ესწრებოდნენ.
შეხვედრა მოხსენებებთან ერთად კითხვა-პასუხსა და დისკუსიასაც მოიცავდა.