ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს კვლავ ინტენსიურად უტევენ. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, ომის დაწყების შემდეგ, „ჰამასის“ 130 გვირაბი გაანადგურეს.
მათივე ინფორმაციით, ასევე გაანადგურეს „ჰამასის“ გვირაბი, რომელიც ჩრდილოეთ ღაზაში, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მფარველობის ქვეშ არსებულ სკოლასთან ახლოს მდებარეობდა.
ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. კოლონამ, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო საშუალებები და მედიკამენტები გადაჰქონდა მიაღწია ღაზას ქალაქ ალ-შიფას საავადმყოფოს. ეს არის გაეროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ერთობლივი ძალისხმევა.
UNRWA-მ და ჯანმო-მ კვლავ მოითხოვეს საწვავის მიწოდება ჰუმანიტარული სააგენტოებისთვის ღაზის სექტორში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწვავის გარეშე საავადმყოფოები და სხვა აუცილებელი ობიექტები ვერ ფუნქციონირებენ და შედეგად უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება.