მონპელიეში ჩატარებული ევროპის პირველობის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ იმ ქვეყნებისა და სპორტსმენების სიები გამოაქვეყნა, ვინც 2024 წელს პარიზში გასამართი ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მოიპოვეს.
ახალგაზრდა ძიუდოისტი ეთერ ასკილაშვილი სალიცენზიო ზონაში ქვეყნის კვოტით მოხვდა, რაც მას საშუალებას აძლევს პარიზში როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ შეჯიბრში იასპარეზოს.
ქვეყნის კვოტას კონტინენტების მიხედვით რეიტინგის ლიდერი ქვეყნები იღებენ. ევროპაში პირველი ნომერი საფრანგეთია, მეორე – საქართველო. ფრანგებს, როგორც ოლიმპიადის მასპინძლებს, ლიცენზიები გარანტირებულად აქვთ მიღებული, აქედან გამომდინარე, ქვეყნის კვოტა საქართველოს მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ კონტინენტის პირველობაზე ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვა.