რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე ევრაზიის ყველაზე მაღალი აქტიური ვულკანი კლიუჩევსკაია სოპკა ლავას ნახევარ კილომეტრამდე სიმაღლეზე აფრქვევს. ვულკანის ფერფლი ზღვიდან თითქმის 10 კილომეტრამდე მანძილზე იფრქვევა. სპეციალისტების განცხადებით, ასეთ სიმაღლეზე ლავის ამოფრქვევა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.
ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთით კვამლის 365 კილომეტრიანი ბილიკია წარმოქმნილი. კლიუჩევსკაია-სოპკა ყველაზე დიდი და აქტიური ვულკანია ნახევარკუნძულზე.
ვულკანოლოგებმა ავიაკომპანიები გააფრთხილეს, რომ ვულკანის გააქტიურება საფრთხეს წარმოადგენს საჰაერო მიმოსვლისთვის. სტიქია ადგილობრივ მოსახლეობას არ ემუქრება.
რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მხოლოდ მცირე რაოდენობით ფერფლი ჩამოცვივდა - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.