ლეღვაში მოკლული გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა.
პროცესზე დაიკითხნენ შემთხვევის ადგილის დამატებითი შემოწმების მონაწილე ერთ-ერთი პოლიციელი და ასევე ერთ-ერთი ბრალდებულის მამა. პროკურორის განმარტებით გამოკითხული მოწმეების ჩვენება და გამოკვლეული მტკიცებულებები კიდევ ერთხელ ადასტურებს დაკავებულების წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას.
ბრალდებული კი აღნიშნულ საქმეზე სამი პირია. ორ მათგანს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება.
სასამართლო სხდომას დღეს ორი ბრალდებული დარბაზში, ერთი კი ონლაინ ესწრებოდა. ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება ალექსანდრე ბაჟუაიშვილის დიდი ბრიტანეთიდან ექსტრადირება საქართველოში. ის სისხლის სამართლის საქმეში მთავარი ბრალდებულია და სასამართლო ამ ნაწილს ცალკე განიხილავს. გამოძიება ბაჟუნაიშვილს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება.
გახმაურებულ საქმეზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მომდევნო სასამართლო სხდომა 30 ოქტომბერს 16 საათზე ჩანიშნა.